გარემოს მაღალი ტემპერატურა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

 

გარემოს მაღალ ტემპერატურას და მაღალ ტენიანობას შეუძლია ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემების გამოწვევა, იზრდება

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სიხშირე              განსაკუთრებით ასაკოვან და გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტებში.

- რატომ მატულობს გულ-სისხლძრღვთა დაავადებების სიხშირე ძლიერი სიცხის დროს?

ამ დროს იზრდება ოფლის გამოყოფა, რაც უზრუნველყოფს სხეულის ნორმალური ტემპერატურის შენარჩუნებას,              გულის წუთმოცულობის

შენარჩუნების მიზნით იზრდება გულისცემის სიხშირე და გულის ერთი შეკუმშვის დროს გადმოსროლილი სისხლის რაოდენობა, იზრდება

 

გულის კუნთის მოთხოვნილება ჟანგბადზე, რაც ხშირ შემთხვევაში გულის კუნთში ჟანგბადის რაოდენობის შემცირების მიზეზი შეიძლება გახდეს. გარდა ამისა ხდება ორგანიზმში სისხლძარღვების გაფართოება, რის გამოც არტერიული წნევა მცირდება, რაც შეიძლება გახდეს გონების დაკარგვის ან გულის კუნთის ჟანგბადით მომარაგების მწვავე

დაქვეითების მიზეზი. ასევე საყურადღებოა, რომ ჭარბი ოფლიანობის შედეგად ხდება ორგანიზმში მოცირკულირე სითხის რაოდენობის

შემცირება, იზრდება სისხლის სიბლანტე და ყალიბდება ე.წ თრომბოზის წინა მდგომარეობა, ასევე იზრდება გაუწყლოვნების განვითარების

რისკი. ძლიერი სიცხის დროს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებს განსაკუთრებით უჭირთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოთხოვნილებების ადექვატური დაკმაყოფილება, რაც ზრდის გულის მუშაობის უეცარი შეწყვეტის პირობებს.

 

-მედიკამენტების გამოყენება ძლიერი სიცხის დროს

 

ძლიერმა სიცხემ შეიძლება გავლენა მოახდინოს მედიკამენტების

ორგანიზმში შეწოვაზე, მათ გამოყოფაზე, ასევე შესაძლოა გაიზარდოს წამლის გვერდითი ეფექტები. მაგალითად შარდმდენებმა,

ანტიჰიპერტენზიულმა მედიკამენტებმა შესაძლოა გამოიწვიოს ელექტროლიტური დისბალანსი, მოცირკულირე სითხის შემცირება და გაუწყლოვნება. გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტმა ზაფხულის ცხელი დღეების განმავლობაშიც უნდა განაგრძონ

დანიშნული მედიკამენტების მიღება, იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აღენიშნება ძლიერი თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, დაბალი

არტერიული წნევა, ის აუცილებლად უნდა დაუკავშირდეს ექიმს, რათა მოხდეს დანიშნულების შესწორება.

 

-              როგორ დავიცვათ თავი ძლიერი სიცხის დროს?

 

 

•             მიიღეთ ადექვატური რაოდენობით სითხე, თუ ცხელ ამინდში იმყოფებით ქუჩაში ნუ დაელოდებით წყურვილის შეგრძნებას, დალიეთ დაახლოებით 250 მლ წყალი ყოველ 20 წუთში ერთხელ,

ამით თქვენ თავს დაიცავთ      გაუწყლოვნების განვითარებისგან. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გაქვთ გულის უკმარისობა და ექიმმა

გირჩიათ ზედმეტი სითხის მიღებისგან თავის შეკავება, კითხეთ მას თუ რა რაოდენობის სითხე მიიღოთ დღის განმავლობაში.

•             თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისგან, ის ხელს უწყობს გაუწყლოვნების განვითარებას.

•             მოერიდეთ დღის ყველაზე ცხელ პერიოდში ქუჩაში გასვლას

•             შენობაში ყოფნისას გამოიყენეთ კონდიციონერი, ქუჩაში სიარულისას კი გამოიყენეთ ქოლგა ან ქუდი

•             ჩაიცვით ღია ფერის, თავისუფალი ტანისამოსი, სასურველია ნატურალური ქსოვილისგან შეკერილი.

•             რეგულარულად მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები.

 

 

-              როგორ ამოვიცნოთ გადახურება?

გადახურების განვითარების განსაკუთრებით დიდი რისკის ქვეშ არიან კარდიოვასკულური დაავადებების მქონე პაციებტები. ამ დროს პაციენტებს შეიძლება ქონდეთ შემდეგი სიმპტომები:

 

•             ძლიერი ოფლიანობა

•             ცივი კიდურები

•             თავბრუსხვევა

•             სწრაფი და სუსტი პულსი

•             ძლიერი საერთო სისუსტე

•             ძლიერი თავის ტკივილი

•             გულისრევა

•             მუქი შარდი

 

 

იმ შემთხვევაში თუ თქვენ გექნებათ რომელიმე სიმპტომი, მიიღეთ სითხე (სასურველია წყალი), გადაინაცვლეთ უფრო მეტად გრილ ადგილას და დაუკავშირდით ექიმს.

 

ელენე კობაიძე -ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ექიმი კარდიოლოგი

მარიამ ჯაფარაშვილი-კარდიოლოგიური მიმართულების რეზიდენტი

 

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

სპეციალისტთან კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით : 032 2 88 09 09

მის: ჩაჩავას 1/ლუბლიანას