გულის სარქვლოვანი დაავადებები

გულის სარქვლოვანი დაავადება, იგივე გულის მანკი თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადებაა, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სარქვლოვანი აპარატის - სარქვლის აფრების, ფიბროზული რგოლის, ქორდების ან დვრილოვანი კუნთების - ანატომიური აგებულების ან ფუნქციის ცვლილება,

გულს ანატომიურად 4 სარქვლისგან შედგება. აორტის, მიტრალური, ტრიკუსპიდული და ფილტვის არტერიის სარქველები. ყველა სარქველს აქვს კარედები რომლებიც გულის მუშაობის თითო ციკლზე იღება და იკეტება. კარედების არასრულფასოვანი გახსნა ან დაკეტვა იწვევს სისხლის ნორმალური მიმოქცევის მოშლას.

განასხვავებენ გულის მანკის რამდენიმე ტიპს:

სარქვლის შევიწროვება (სტენოზი) არის მდგომარეობა, როცა გულის სარქველი სრულად ვერ იღებს და სისხლს ნორმასთან შედარებით ვიწრო ხვრელში უწევს გავლა. ამის გამო გულს უფრო დიდი დატვირთვით უწევს მუშაობა ვიწრო ხვრელში საკმარისი რაოდენობის სისხლის გადასასროლად.

სარქვლის უკმარისობა არის მდგომარეობა, როცა სარქვლის კარედები სრულად ვერ ხურავენ გულის ღრუთა შორის არსებულ ხვრელს. შედეგად ვითარდება სისხლის უკუდენა ანუ რეგურგიტაცია გულის მუშაობის იმ ფაზაში, როცა სარქველი დახურული უნდა იყოს. აღნიშნულ დაზიანებას მივყავართ იმ გულის ღრუს მოცულობით გადატვირთვამდე, რომელშიც სისხლის უკუდინება ვითარდება, ამავე დროს ორგანიზმს უკუდინების გამო ნაკლები სისხლი მიეწოდება.

ასევე შესაძლებელია ერთიდაიმავე სარქველზე გამოხატული იყოს როგორც სტენოზი, ასევე ნაკლოვანება.

სარქვლოვანი პათოლოგია შეიძლება იყოს როგორც თანდაყოლილი, ასევე შეძენილი. თანდაყოლილი გულის მანკები ყალიბდება ბავშვის დაბადებამდე, მუცლადყოფნის პერიოდში. აღნიშნული პათოლოგიები საკმაოდ ხშირია და გვხვდება ახალშობილების 1 %-ში. გულის თანდაყოლილი მანკები ყოველთვის არ დიაგნოსტირდება დაბადებისას. უფრო ხშირად ისინი ვლინდება ცხოვრების მანძილზე. გულის მანკების სიმპტომების აღმოცენების მთავარი მიზეზი არის ჟანგბადის ნაკლებობა. ეს უკანასკნელი ვლინდება კანის, ტუჩების, თითების სილურჯით (ციანოზით), შეიძლება გამოხატული იყოს გახშირებული ან გაძნელებული სუნთქვა, ტაქიკარდია და შეშუპება.

არსებობს რისკ ფაქტორები რომლებიც ნეგატიურ გავლენას ახდენენ გულის ნორმალურ განვითარებაზე. გოგონები აცრილები უნდა იყვნენ წითურაზე, ორსულობის პერიოდში ექიმის კონსულტაციის გარეშე არ უნდა მიიღონ მედიკამენტები და რათქმაუნდა თავი უნდა შეიკავონ ალკოჰოლისგან, ნარკოტიკისგან და ნიკოტინისგან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩაიტარონ ორსულთა პროფილაქტიკური შემოწმებები. სწორედ ასეთი შემოწმებების დროს ვლინდება ექოკარდიოგრაფიულად ნაყოფის გულის მანკები.

სარქვლების შეძენილი დაავადებების წარმოშობის მიზეზია სარქველთა აგებულების შეცვლა, რაც, თავის მხრივ, ამა თუ იმ დაავადებით არის განპირობებული. ესენია რევმატიზმი, ენდოკარდიტი, სარქვლის დაზიანება ასაკოვან პირებში კალციუმის ჩალაგების გამო, სარქვლის დეგენერაციული ცვლილებები, გულის იშემიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიომიოპათია, სიფილისი, არტერიული წნევის მატება, აორტის ანევრიზმა, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებები. დაზიანებას იწვევს ასევე ტრავმები, სიმსივნეები, მედიკამენტები ან რადიაცია.

გულის სარქვლოვანი დაზიანების ძირითადი სიმპტომებია

ქოშინი ან სუნთქვის გაძნელება. რომელიც უფრო ხშირად ფიზიკური დატვირთვისას ვლინდება

სისუსტე და თავბრუხვევა;

დისკომფორტი გულმკერდის არეში, რომელიც უფრო მეტად შემაწუხებელია ფიზიკური დატვირთვისას

გულისცემის აჩქარება, რიტმის დარღვევები

გონების კარგვის ეპიზოდები

ქვემო კიდურების შეშუპება

სიმპტომების გამოხატულება სარქვლის დაზიანების სიმძიმეზე ყოველთვის არ არის დამოკიდებული. ხშირად გულის მანკი განსაზღვრულ ეტაპამდე უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგიერთი მაშინაც კი არაფერს უჩივის, როცა სარქვლის დაზიანება საკმაოდ მძიმეა და დაუყოვნებლივ მკურნალობას მოითხოვს, ზოგიერთს კი შემაწუხებელი სიმპტომები აღენიშნება შედარებით მსუბუქი დაზიანების დროსაც

გულის სარქვლოვანი დაზიანების დიაგნოსტიკის მეთოდებია:

ექოკარდიოგრაფია (ტრანსთორაკალური და ტრანსეზოფაგიალური)

კომპიუტერული ტომოგრაფია

მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია

გულის კათეტერიზაცია

გულის მანკის მკურნალობის ტაქტიკა სარქვლის დაზიანების სიმძიმესა და ხასიათზეა დამოკიდებული. ზოგ შემთხვევაში რეკომენდირებულია მედიკამენტოზური მკურნალობა, და პერიოდულად სარქვლის მდგომარეობის კონტროლი. ხოლო მძიმე დაზიანების ხარისხის შემთხვევაში რეკომენდირებულია ქირურგიული ჩარევა.გულის სარქველებზე ქირურგიული ჩარევისას ხდება დაზიანებული სარქველების შეკეთება(პლასტიკა), ან ჩანაცვლება (პროთეზირება). ეს პროცედურები ტარდება როგორც ღია გულზე ასევე არსებობს მინიმალურად ინვაზიური მეთოდები.ჩარევის სახეობის შერჩევისას გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, სარქვლის დაზიანების ხარისხი და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმე.სარქველზე ქირურგიული ჩარევა საჭირო ხდება თუ პაციენტის კლინიკური მდგომარეობა უარესდება, ჩნდება სარქვლის დაზიანების ნიშნები ან სიმპტომები. თუმცა მიუხედავად სიმპტომების არ არსებობისა სარქველი შეიძლება მაინც გახდეს საოპერაციო თუ გულზე სხვა ოპერაცია გიკეთდებათ და სარქველი ზღვრულად დაზიანებულია.ქირურგიული ჩარევისას უპირატესობა ენიჭება სარქვლის შეკეთებას (პლასტიკას), როდესაც ხდება სარქვლის შენარჩუნება. თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება დაგჭირდეთ სარქვლის პროთეზირება. ექიმი ასევე აფასებს ხართ თუ არა მცირე ინვაზიური მეთოდის გამოყენების კანდიდატი. ექიმი ასევე აგიხსნით ქირურგიული ჩარევის შემდგომ სარგებელს და გესაუბრებათ ქირურგიული რისკების შესახებ.

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრი

ტელ : 2 51 70 08

მის : ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5