მაღალი არტერიული წნევა-რა უნდა ვიცოდეთ

მაღალი არტერიული წნევა-რა უნდა ვიცოდეთ

შეკითხვებს პასუხობს, ნ. ბოხუას სახ. კარდიოვასკულური ცენტრის უფროსი კარდიოლოგი, ნინო ნერსეზაშვილი

რას ნიშნავს, როდესაც  არტერიული წნევა მაღალია,  როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

როგორ უნდა განვასხვავოთ მაღალი არტერიული წნევა, როგორც ეპიზოდი, ავადმყოფობისგან?

რა სიხშირით უნდა გავიზომოთ წნევა, მას შემდეგ რაც დაისვა არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი და დაინიშნა მკურნალობა?

რა ხანგრძლივობით  უნდა მივიღოთ წნევის დამწევი მედიკამენტები?

რამდენად ხშირია არტერიული ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევა) გავრცელება ადამიანებში?

ალბათ ძნელად მოიძებნება პიროვნება, რომელსაც თავის გარემოცვაში არ ეგულება ადამიანი მაღალი არტერიული წნევით. ოჯახის წევრებს ან მეზობლებს შორის ყველას ჰყავს ახლობელი, რომელიც მუდმივად ითხოვს წნევის გაზომვას, წამდაუწუმ იღებს ენისქვეშ კაპტოპრილს, ნიფედიპინს ან კლოფელინს.

ეს ბუნებრივიცაა, ვინაიდან 60 წელს გადაცილებული ადამიანების ნახევარზე მეტი ავადობს არტერიული ჰიპერტენზიით (მაღალი არტერიული წნევით)

როგორ დავსვათ არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი?

პირველ ყოვლისა საჭიროა იმის ცოდნა, რომ არტერიული წნევა არასოდეს არის მუდმივი, ის  იცვლება დღის და ღამის განმავლობაში 15-20 ერთეულით. წნევა სხვადსხვაა დღის სხვადასხვა პერიოდში, საკვების მიღებასთან, ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვასთან მიმართებაში და სხვ. ზოგჯერ არტერიული წნევის  140/90 მმ.ვწ.სვ. მეტ ნიშნულამდე მატების ეპიზოდიც კი არ ფასდება როგორც ავადმყოფობა. 

  • იმისთვის რომ დაისვას არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი, პირველ რიგში წნევის გაზომვის დროს დაცული უნდა იყოს გარკვეული წესები:
  • არტერიული წნევის გაზომვის წინ არ უნდა გვქონდეს ახალი მიღებული საკვები, ყავა, ნიკოტინი.
  • პაციენტი კომფორტულ, მშვიდ გარემოში უნდა იჯდეს სკამზე, ზურგით ეყრდნობოდეს სკამის საზურგეს, ფეხებით იატაკს, ფეხები არ უდა ჰქონდეს გადაჯვარედინებული. შესაბამისი ზომის მანჟეტი მოთავსებული უნდა იყოს მხარზე, რომელიც განთავსდება გულის დონეზე, ამისთვის სასურველია ხელი დავდოთ მაგიდაზე.
  • 5 წუთიანი მოსვენების შემდეგ წნევა უნდა გაიზომოს ორჯერ 1-2 წუთიანი ინტერვალით. შემდეგ უნდა გამოვთვლოთ ორი გაზომვით მიღებული შედეგების საშუალო მაჩვენებელი.
  • თუ ეს მაჩვენებელი აღემატება 135/85 მმ.ვწ.სვ. (იგი შეესაბამება ექიმის მიერ მის კაბინეტში გაზომილი წნევის მაჩვენებელს 140/90 მმ.ვწ.სვ.) და ფიქსირდება არაერთი გაზომვის შედეგად, მაშინ დაისმება არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი.

თუ თქვენ ვერ ახერხებთ წნევის გაზომვას სახლის  პირობებში, მიმართეთ ექიმს. იგი ყველა პირობის დაცვით გაგიზომავთ წნევას და დაგისვამთ ჰიპერტენზიის დიაგნოზს, შესაბამისი წესით .

არტერიული ჰიპერტენზიის სადიაგნოსტიკოდ ზოგჯერ საჭირო ხდება არტერიული წნევის 24 საათიანი ამბულატორიული  გაზომვა ავტომატურად, დროის მცირე ინტერვალებით (მაგ 15 წუთში ერთხელ), რომელიც ხორციელდება სპეციალური პორტატული მოწყობილობით და საშუალებას იძლევა შეფასდეს პაციენტის წნევა, როგორც დღის ჩვეული აქტივობისას, ისე ღამით, ძილის დროს. ეს მეთოდი, ისე როგორც არტერიული წნევის გაზომვა სახლის პირობებში, საშუალებას იძლევა გამოვრიცხოთ ე.წ. „თეთრი ხალათის“ ჰიპერტენზია. ეს უკანასკნელი კი გულისხმობს არტერიული წნევის არაადეკვატურ მატებას მცირე სტრესის, მაგალითად ექიმთან ვიზიტის პირობებში.

არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტირების შემდეგ ექიმი,  ასაკის, სქესის, ეთნიკური კუთვნილების, რისკების, სამედიცინო ისტორიის, თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით შეგირჩევთ თერაპიას

რა სიხშირით უნდა გაიზომოთ წნევა მას შემდეგ რაც დაგესვათ არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი და დაგენიშნათ მკურნალობა?

ჩვეულებრივ, თუ თქვენმა ექიმმა სხვაგვარად არ დაგინიშნათ, სახლის პირობებში არტერიული წნევის ყოველდღიური გაზომვა არ არის აუცილებელი. მნიშვნელოვანია მხოლოდ შერჩეული მედიკამენტის რეგულარული მიღება. წნევა შეგიძლიათ გაიზომოთ 3-7 დღეში ერთხელ, ხოლო ექიმთან ვიზიტი განახორციელოთ 3-6 თვიანი ინტერვალით. რისკ-ფაქტორების და სამიზნე ორგანოების ასიმპტომური დაზიანების შეფასება რეკომენდებულია ყოველ 2 წელიწადში

ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტის მიღების გარდა, მნიშვნელოვანია რიგი არამედიკამენტური რეკომენდაციის შესრულება!

ყველამ ვიცით, რომ ცხოვრების ჯანმრთელი წესის დაცვა უაღრესად მნიშვნელოვანი და სასარგებლოა, ის განსაკუთრებით აქტუალურია ჰიპერტენზიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და გულისხმობს:

  • სუფრის მარილის შემცირებას (დღიურად მოხმარებული მარილის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1  ჩაის კოვზს);
  • მიღებული ალკოჰოლის რაოდენობის შეზღუდვას (მაგ. ყოველდღიურად არაუმეტეს 250 მლ ღვინო მამაკაცებისთვის და 150 მლ ქალებისთვის);
  • ხმელთაშუა ზღვის დიეტას (ბოსტნეული, ხილი, მარცვლოვანი პროდუქტები, მთლიანი ხორბლისგან დამზადებული პროდუქტები, თევზი, ნაკლებად ცხიმიანი რძის პროდუქტები, ზეითუნის ზეთი);
  • წონის დაკლებას და მის შენარჩუნებას;
  • რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას (ყოველდღიურად სულ ცოტა 30 წთ დინამიკური აერობიკული ვარჯიში (ფეხით სწრაფი სიარული, ცურვა, ველოსიპედი);
  • თამბაქოზე უარის თქმას.

რა ხანგრძლივობით  უნდა მიიღოთ წნევის დამწევი მედიკამენტები?

სამწუხაროდ პაციენტები ხშირად თვითნებურად წყვეტენ ექიმის მიერ დანიშნული წამლების მიღებას ან ცვლიან მათ. მათგან არაიშვიათად მოისმენთ ფრაზას- „ჩავიტერე მკურნალობის კურსი“

არტერიული ჰიპერტენზია არ არის ისეთი დაავადება, რომლისგანაც განიკურნებით მცირეხნიანი მკურნალობის შემდეგ. არტერიული ჰიპერტენზია, თუ კი მოხდა მისი დადასტურება,  ქროკინული დაავადებაა, რომელიც მუდამ თქვენთან იქნება. წამლების მიღება საშუალებას მოგცემთ შეინარჩუნოთ წნევის ნორმალური მაჩვენებელი. როგორც კი წამლის მიღებას შეწყვეტთ, პრობლემა დაგიბრუნდებათ.

„როგორ, მთელი ცხოვრება მივიღო წამლები, მათ ხომ უამრავი გვერდითი მოვლენა აქვთ?“ - ხშირად კითხულობენ პაციენტები.

 ჯერ ერთი, თქვენი ექიმი წამალს შეგირჩევთ კარგად შესწავლილი და ნაკლები თანმხლები ეფექტების მქონე მედიკამენტების იმ ჯგუფებიდან, რომელიც რეკომენდებულია უახლესი საერთაშორისო რეკომენდაციებით, ამავდროულად ის აუცილებლად გაითვალისწინებს თქვენ კონკრეტულ მონაცემებს და სამედიცინო ისტორიას და შეარჩევს ისეთ მედიკამენტს, რომელიც თქვენთვის უფრო მეტად შესაბამისი იქნება.

მეორეც, თუ გავითვალისწინებთ, რომ არტერიული წნევის ნებისმიერი დაწევა ასოცირებულია დიდი გულსისხლძარღვთა შემთხვევების (ინსულტი, ინფარქტი, გულის უკმარისობა) და სიკვდილობის მნიშვნელოვან შემცირებასთან (დაახლოებით 50%-ით), იმის მიუხედავად, რომ წამლებს ნამდვილად აქვთ გვერდითი ეფექტები, მაინც გავაკეთებთ არჩევანს წნევის სამკურნალო წამლების სასარგებლოდ.

ამასთან თუ თქვენ გამოგივლინდათ ამა თუ იმ წამლის გვერდითი ეფექტი (ხველა, ქვემო კიდურების შეშუპება, ძლიერი სისუსტე და ა.შ) ექიმი შეგიცვლით მას და საბოლოოდ მიაღწევს შედეგს თქვენთვის კომფორტული და მისაღები მედიკამენტის გამოყენებით.

გასამხნევებლად იმასაც დავამეტებ, რომ ზოგჯერ, როდესაც პაციენტი სრულად ასრულებს ცხოვრების წესის შეცვლასთან დაკავშირებულ რეკომედაციებს (დაიკლებს წონაში, ვარჯიშობს, იცავს დიეტას და სხვა, რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ), შესაძლებელი ხდება წნევის სამკურნალო წამლების დოზის თანდათანობითი შემცირება და ზოგჯერ მოხსნაც კი.

რატომ ხდება რომ უამრავი წამლის მიღების მიუხედავად წნევა მაინც მაღალი რჩება?

ზოგჯერ, ადამიანები უჩივიან წნევის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს წნევის დამწევი, არაერთი მედიკამენტის გამოყენების მიუხედავად.

თუ თქვენ ღებულობთ არტერიული წნევის დამწევი რამდენიმე მედიკამენტის კომბინაციას (მინიმუმ სამი სხვადსხვა ჯგუფის წამალს და მათ შორის არის შარდმდენი მედიკამენტი, იცავთ სათანადო დიეტას და სხვა რეკომენდაციებს) და არტერიული წნევა რჩება 140/90 მმ.ვწ.სვ. მაღალი, მაშინ შესაძლოა გქონდეთ რეზისტენტული ჰიპერტენზია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია გატარდეს დიფერენციული შეფასება  ე.წ. მეორად ჰიპერტენზიასთან. თავის მხრივ მეორადი (ამა თუ იმ დაავადებასთან ასოცირებული) ჰიპერტენზიის დიაგნოზის დასადგენად თქვენს ექიმს დასჭირდება დამატებითი ტესტების და ანალიზების ჩატარება, რაც თავისთავად ბევრად მეტია, ვიდრე ის კვლევები, რომელიც ტარდება სტანდარტულად პაციენტებთან არტერიული ჰიპერტენზიით. მეორადი ჰიპერტენზიის მიზეზი კი შეიძლება იყოს სხვადხვა ენდოკრინული  (ფარისებრი, თირკმელზედა ჯირკვლის, სასქესო ჯირკვლების დაავადებები), თირკმლის, თირკმლის მკვებავი სისხლძარღვების და სხვ დაავადებები

მეორადი ჰიპერტენზიის მიზეზის დადგენამ და კონკრეტული დაავადების მკურნალობამ თქვენ შესაძლოა სამუდამოდ გაგანთავისუფლოთ იმ პრობლემისგან, რასაც მაღალი წნევა ჰქვია.

ამიტომ თქვენც და თქვენი ექიმიც უნდა დარწმუნდეთ, რომ არტერიული ჰიპერტენზია ნამდვილად რეზისტენტულია (არ ემორჩილება მკურნალობას). არაიშვიათად სწორედ აქ ცდებიან პაციენტები, რომლებიც გულმოდგინედ კი სვამენ ექიმის მიერ დანიშნულ წამლებს, თუმცა ამავდროულად უარს არ ამბობენ მარილიანი საკვების მიღებაზე, არ ზრუნავენ სხეულის წონის შემცირებაზე, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მოხმარებაზე, მიირთმევენ ცხიმიან საკვებს, არ ვარჯიშობენ, აქვთ უმოძრაო ცხოვრების წესი).

რეზისტენტული ჰიპერტენზიის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც პაციენტს ყველა სამედიცინო (მედიკამენტური და არამედიკამენტური) რეკომენდაციის შესრულების მიუხედავად რჩება წნევის მაღალი მაჩვენებელი.

ამგვარად, მაღალი არტერიული წნევა, როგორც დაავადება, გავრცელებული, ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ასოცირებულია გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიების განვითარების მაღალ რისკთან. ამავე დროს, მისმა  სწორმა მართვამ, არამედიკამენტური და მედიკამენტური მკურნალობის რეკომენდაციების მკაცრმა დაცვამ, დიდი წარმატებით, შეიძლება გამოიწვიოს ამ რისკის მნიშვნელოვანი შემცირება.