ცენტრის ისტორია

ჩვენი ცენტრი დიდი და მდიდარი ისტორიის მატარებელია. 1976 წელს ქირურგიის ინსტიტუტში პროფ. ნოდარ ბოხუამ დაარსა საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი პირველი სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორია, რომლის ბაზაზეც 1980 წელს რკინიგზის საავადმყოფოში ჩამოყალიბდა სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, ცენტრში დამუშავდა და განვითარდა კლინიკურ პრაქტიკაში თანამედროვე ვასკულარული მედიცინის ფუნდამენტალური საკითხები. პირველად საქართველოში ცენტრში დაინერგა და შესრულდა მთელი რიგი რეკონსტრუქციული ოპერაციები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ პროფ. ნოდარ ბოხუას და მისი მოწაფეების ძალისხმევით ცენტრი დროის მოკლე პერიოდში ჩამოყალიბდა, როგორც ქვეყნის წამყვანი კლინიკა სისხლძარღვთა ქირურგიაში. მიუხედავად დიდი სიძნელეებისა, რომლებიც განპირობებული იყო ჩვენს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობით, ცენტრი ვითარდებოდა, დაინერგა ახალი მიდგომები სისხლძარღვთა ქირურგიაში. რუტინული გახდა მთელი რიგი ურთულესი ოპერაციები მაგისტრალურ სისხლძარღვებზე.

მიუხედავად წარმატებით განხორციელებული ცვლილებებისა სისხლძარღვთა ქირურგიის მიმართულებით, ნათელი გახდა რომ ცენტრის შემდგომი განვითარება შეუძლებელი იქნებოდა მომიჯნავე სპეციალობების დანერგვის გარეშე. 2011 წელს ცენტრი გაფართოვდა, გადავიდა ახალ შენობაში, აღიჭურვა თანამედროვე უახლესი ბრენდების მიერ წარმოებული აპარატურით, დაემატა ახალი სამსახურები: კარდიოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, და ენდოვასკულარული ქირურგია, 2015 წლიდან კი ცენტრში ფუნქციონირება დაიწყო კარდიოქირურგიულმა დეპარტამენტმა.

ამჟამად ცენტრს ეწოდება ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი, ჩვენ მთავარ "სიმდიდრეს" წარმოადგენს კლინიკაში მომუშავე ექიმები, რომლებიც ამ დარგში მოწინავე სპეციალისტები არიან, ისინი თავისი პროფესიული მოვალეობების გარდა მნიშვნელოვან საქმეს ემსახურებიან, ზრდიან ტრადიციების გამგრძელებელ თაობებს, ყოველივე ეს კი გვაძლევს იმედს ოპტიმისტურად შევხვდეთ მომავალს.

საქართველოში სისხლძარღვთა და რეკონსტრუქცული ქირურგიის განვითარებაში უდიდესი წვლილი პროფესორმა ნოდარ ბოხუამ შეიტანა, რომლის უშუალო ხელმძღვანელობით და მონაწილეობით მოკლე დროში ჩვენს ქვეყანაში მძლავრი სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრი ჩამოყალიბდა, სადაც დღეს გადაუჭარბებლად შეგვიძლია ავღნიშნოთ რომ სრულდება პრაქტიკულად ყველა სახის ურთულესი რეკონსტრუქციული ოპერაციები აორტაზე და მის ვისცერალურ და ბრაქიოცეფალურ ტოტებზე, კიდურის მაგისტრალურ არტერიებზე. აღნიშნული ცენტრი ჩამოყალიბდა აკად კ.ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ინსტიტუტის სისხლძარღვთა მიკროქირურგიის ლაბორატორიის ბაზაზე (შეიქმნა 1976) 1980 წლის მაისში და მისი შექმნიდან 1995 წლის მარტამდე მის ტრაგიკულ დაღუპვამდე მას ხელმძღვანელობდა პროფესორი ნ.ბოხუა 1995 წლიდან ცენტრის ხელმძღვანელია პროფესორი კოტე ყიფიანი. 2011 წლამდე კლინიკას ეწოდებოდა საქართველოს ნ.ბოხუას სახელობის ანგიოლოგიისა და სისხლძარღვთა ქირურგიის ცენტრი, ხოლო 2011 წლის მაისში მას შემდეგ რაც კლინიკის არეალი გაფართოვდა დაემატა ახალი სამსახური, ინტერვენციული კარდიოლოგიის სახით რის შემდეგაც ცენტრს სახელი შეეცვალა და ეწოდა ნ.ბოხუას სახელობის სისხლძარღვთა და გულის დაავადებათა ცენტრი.