რა არის კორონაროგრაფია

კორონაროგრაფია წარმოადგენს რენტგენო-კონტრასტული კვლევის მეთოდს ,რომელიც ტარდება სპეციალურ საოპერაციოში ექიმი-ინტერვენციონისტ კარდიოლოგის მიერ.

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს  გულის მკვებავი სისხლძარღვების (კორონარების) დაზიანების გამოვლენის საუკეთესო მეთოდს. კორონარული (გულის) არტერიების დაავადების დროს მცირდება სისხლძარღვთა სანათური, რომელიც  სისხლით ამარაგებს გულის კუნთს, შევიწროებას კი განაპირობებს არტერიის შიგნითა კედელზე სხვადასხვა ნივთიერებების, იქნება ეს ქოლესტეროლის, ლიპიდებისა თუ ფიბროზული ფოლაქების გაჩენა. შედეგად, გულის კუნთი ვეღარ იღებს საჭირო რაოდენობის ჟანგბადს, ამ მდგომარეობამ კი შესაძლოა მიგვიყვანოს ინფარქტამდე

კორონაროგრაფია ფაქტიურად უმტკივნეულო პროცედურაა, რომელიც ტარდება კანქვეშა ქსოვილის ლოკალური გაუტკივარებით. კორონაროგრაფიის ჩატარება შეიძლება, როგორც ქვემო ასევე ზემო კიდურის მაგისტრალური სისხლძარღვიდან. გაუტკივარების შემდეგ ექიმს სისხლძარღვში შეჰყავს სპეციალური კათეტერი, ხოლო ამ კათეტერიდან შემდგომში რენტგენის კონტროლით ხდება უფრო მცირე კათეტერის შეყვანა გულის მკვებავი - კორონარული სისხლძარღვების სათავეში. კათეტერის საშუალებით კორონარულ სისხლძარღვში ხორციელდება სპეციალური კონტრასტული ნივთიერების შეყვანა, ეს ნივთიერება რენტგენის სხივს არ ატარებს ამიტომ რენტგენოგრაფიისას ჩანს სისხლძარღვის სანათური ,ვხედავთ თუ რა მდგომარეობაშია სისხლძარღვის შიგნითა შრე , არის თუ არა შევიწროვებული სისხლძარღვის სანათური ან ფიქსირდება თუ არა კორონარული არტერიის სხვა პათოლოგია. ამის შემდეგ ხდება რენტგენოგრაფიული ჩანაწერის ანალიზი და მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის განსაზღვრა. კორონაროგრაფია წარმოადგენს გულის მკვებავი სისხლძარღვების შეფასების უზუსტეს მეთოდს. აღნიშნული პროცედურის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 15-20 წთ-ს. კორონაროგრაფიის შემდგომ ხდება კათეტერების ამოღება , ნაჩხვლეტის არის ხელით ზეწოლა და კომპრესიული ნახვევის დადება.

წამყვანი სპეციალისტი - ვახტანგ ყიფიანი - . ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ენდოვასკულარული ქირურგიის და კათეტერიზაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ენდოვასკულარული ქირურგი

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : 2 51 70 08

#კორონაროგრაფია

#ნბოხუასახელობისკარდიოვასკულურიცენტრი