ზაფხული და ვარიკოზული ვენები

 

 

ქრონიკული ვენური უკმარისობა ვენური სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. იგი მკვეთრად აქვეითებს შრომისუნარიანი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ზაფხული მოდის, – საყოველთაოდ ცნობილია, რომ სწორედ ზაფხულში მწვავდება, – გასაკვირი არ უნდა იყოს მკითხველის ინტერესი ამ პათოლოგიური მდგომარეობის მიმართ.

რა არის ქრონიკული ვენური უკმარისობა?

– ქრონიკული ვენური უკმარისობის ცნება მოიცავს ქვემო კიდურების ვენური სისტემის ყოველგვარ კლინიკურ პათოლოგიას – როგორც ვიზუალურად გამოხატულს (მაგალითად, ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას), ასევე სიმპტომურს (როდესაც პაციენტს მხოლოდ ისეთი სიმპტომები აწუხებს, როგორიც არის სიმძიმისა და შეშუპების შეგრძნება, განსაკუთრებით – დღის ბოლოს). ამ პათოლოგიებს სხვადასხვანაირი კლინიკური გამოვლინება აქვს, კაპილართა ობობასებრი ქსელიდან ისეთ გართულებამდე, როგორიც არის დიდხანს შეუხორცებელი ტროფიკული წყლული.

მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ქრონიკული ვენური დაავადება განუწყვეტლივ პროგრესირებს, ამიტომაც მეტად მნიშვნელოვანია დროული და ადეკვატური მკურნალობა.

რამდენად არის გავრცელებული ვენების დაავდება?

– გავრცელების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. მაგალითად, აშშ-ის მოსახლეობის 30-40%-ის, სტატისტიკის თანახმად, ვენური სისტემის ესა თუ ის დაავადება აღენიშნება. ასაკის კვალდაკვალ ეს პათოლოგიებიც ხშირდება და 60%-მდე აღწევს. უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო ხანს აშკარად შეიმჩნევა ვენური პათოლოგიების გაახალგაზრდავების ტენდენცია.

გავრცელების ასეთი სიხშირიდან გამომდინარე, ბუნებრივია, გაჩნდება კითხვა: ვის ემართება ყველაზე ხშირად ქრონიკული ვენური უკმარისობა ?

– ქვემო კიდურების ვენური სისტემის პათოლოგია ნებისმიერ ადამიანს შეიძლება დაემართოს, მაგრამ არის ხალხი, ვისაც ის ყველაზე მეტად ემუქრება. საქმე ის გახლავთ, რომ ამ პათოლოგიის განვითარება ბევრად არის დამოკიდებული რამდენიმე რისკ ფაქტორზე, რომელთა შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

ასაკი. წლების მატებასთან ერთად ვენური ტუმბო, რომელიც სისხლის ერთი მიმართულებით – ქვემოდან ზემოთ – დინებას განაპირობებს, მწყობრიდან გამოდის, სისხლძარღვთა კედლები დუნდება, სარქვლები ცვდება და სისხლის დინება ირღვევა;

მდედრობითი სქესი. ვენური სისტემის პათოლოგია უმთავრესად ქალების ხვედრია, რაც ქალური ჰორმონების გავლენით უნდა აიხსნას. გარდა ამისა, იგი ხშირად ორსულობისას იჩენს თავს. ამ შემთხვევაში დამნაშავეა არა მხოლოდ ჰორმონი – პროჟესტერონი, არამედ ის ფიზიკური დატვირთვაც, რომელსაც ვენური სისტემა ცხრა თვის მანძილზე განიცდის.

მემკვიდრეობა. თუ მშობლებს ვენური დაავდება აწუხებთ, დიდია ალბათობა, შვილსაც დაემართოს.

პროფესია, რომელიც დიდხანს დგომას (ქირურგი, სტილისტი, პედაგოგი) ან, პირიქით, ჯდომას მოითხოვს.

–საინტერესოა ამ პათოლოგიური მდგომარეობის ჩამოყალიბების მექანიზმი.

– უპირველეს ყოვლისა, ამის მიზეზი გახლავთ ვენის ტონუსის დაქვეითება: ვენის კედელი კარგავს სიმკვრივეს, ეშვება და ვენა თანდათან ფართოვდება.

ქვემო კიდურების ვენებიდან გულისკენ სისხლის დინებას განაპირობებს ვენებში არსებული სარქველები, რომლებიც მხოლოდ ერთი მიმართულებით იღება, სისხლს მაღლა ატყორცნის და მის უკუდინებას ეწინააღმდეგება. ვენური დაავადების განვითარების მეორე მიზეზი სწორედ სარქველთა ფუნქციის მოშლა გახლავთ: სარქველი მჭიდროდ ვეღარ იხურება და მათში უკუმიმართულებით იჟონება სისხლი, რაც უფრო მეტად აფართოებს მოდუნებულ ვენას. ამის შედეგად წარმოიშობა ისეთი სიმპტომები, როგორიც არის სიმძიმის შეგრძნება და შეშუპება დატვირთვის შემდეგ, დღის ბოლოს, რომელიც უფრო მეტად წელიწადის ცხელ თვეებში იჩენს თავს.

აქვე უნდა ვახსენოთ კიდევ ორი პათოლოგიური მექანიზმი, რომლებიც ასევე უწყობს ხელს ვენური დაავადების ჩამოყალიბებას. ესენია ლიმფის დრენაჟის გაუარესება და მიკროცირკულაციური პროცესების მოშლა. ეს უკანასკნელი, ბოლოდროინდელ გამოკვლევათა შედეგების მიხედვით, დიდ მნიშვნელობა როლს ასრულებს სარქვლოვანი აპარატის ფუნქციის მოშლაშიც.

როგორია ვენური დაავადების გართულებები?

– ვენური დაავადების პროგრესირების კვალდაკვალ ქვემო კიდურებიდან სისხლის გადინება უფრო და უფრო მეტად ფერხდება, ვენური ქსელი უფრო და უფრო შესამჩნევი ხდება, ხოლო კანქვეშ მუქი იისფერი კვანძები წარმოიქმნება. მოგვიანებით კიდევ უფრო ღრმა ცვლილებები იჩენს თავს: კანის პიგმენტაცია, ტროფიკული წყლულები, მწვავე თრომბოფლებიტი – ვენების ანთება და მათ სანათურში თრომბების გაჩენა. ჩამოთვლილი გართულებები განსაკუთრებით აქვეითებს პაციენტის ცხოვრების ხარიხს, ხოლო მკურნალობა, მით უმეტეს – ისეთი აგრესიული გართულებისა, როგორიც არის ტროფიკული წყლული, საკმაოდ ძვირადღირებული, შრომატევადი და ხანგრძლივი პროცესია.

არსებობს თუ არა ვენური დაავადების მკურნალობის ეფექტური მეთოდები?

– სადღეისოდ შემუშავებულია ვენური დაავადების მკურნალობის რამდენიმე მეთოდი: ელასტიკური კომპრესია, მაკორექტირებელი თერაპია (სკლეროთერაპია), ქირურგიული მკურნალობა და, რაღა თქმა უნდა, მედიკამენტური მკურნალობა. ეს მეთოდები კი არ გამორიცხავს, არამედ ავსებს ერთმანეთს და ამიტომ უმეტესად ერთად გამოიყენება. თითოეული მათგანის არჩევის მიზანშეწონილობას ყოველ ცალკეულ შემთხვევაში მკურნალი ექიმი ადგენს. აქვე მინდა, ხაზი გავუსვა იმასაც, რომ ვენური დაავადების ადრეული გამოვლენა ძალზე მნიშვნელოვანია (მით უმეტეს, ეს არც ისე ძნელია და ეფუძნება ისეთ სიმპტომებს, როგორიც არის სიმძიმის, სიმხურვალის, შეშუპების შეგრძნება), რათა დროულად იქნეს დაწყებული ადეკვატური მკურნალობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს ზემოთ ხსენებულ აგრესიულ და ძნელად სამკურნალო გართულებებს.

ასეთ ადრეულ საფეხურზე ხშირად საკმარისია მედიკამენტური მკურნალობა.

 მამუკა ბოკუჩავა -პროფესორი, ანგიოქირურგი

ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის დირექტორის მოადგილე

ტელ: 2 51 70 08

მის:ჩაჩავას 1/ლუბლიანას 5