ანესთეზია და მისი სახეები

რას გულისხმობს ტერმინი ანესთეზია? ანესთეზიის რომელ მეთოდებსა და საშუალებებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?

ტერმინი ანესთეზია პირდაპირი მნიშვნელობით ნიშნავს შეგრძნებების გაქრობას. თანამედროვე ანესთეზიის ორი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი მეთოდია ზოგადი ანესთეზია (ე.წ. ნარკოზი) და რეგიონული ანესთეზია (და ორთავე მათგანი მოიცავს რამოდენიმე განსხვავებულ მეთოდს) და/ან მათი კომბინაცია.

როგორ ტარდება რეგიონული ანესთეზია, რა არის მისი ჩვენება/უკუჩვენება? რა შეზღუდვები აქვს რეგიონული ანესთეზიის გამოყენებას?

როგორც ზემოთ მოგახსენეთ რეგიონული ანესთეზიის არაერთი სახე არსებობს. ესენია: სპინალური, ეპიდურული, რომელიმე ერთი ან რამდენიმე ნერვის ან ნერვული წნულის ბლოკადა და სხვა. შესაბამისად განსხვავებულია მათი ჩატარების ტექნიკაც, თუმცა ყველა ამ მეთოდს აქვს საერთოც და ეს არის ადგილობრივი ანესთეტიკის შეყვანა წინასწარ განსაზღვრულ სივრცეში. ასევე განსხვავდება მათი ჩვენებებიც, რაც ძირითადად დამოკიდებულია ქირურგიული ჩარევის მიდამოზე, თუმცა რეგიონული ანესთეზიის ზოგიერთი სახე ფართოდ გამოიყენება არა მხოლოდ ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას. მაგალითად: ეპიდურული ანესთზია - სამშობიარო ტკივილის მართვისათვის, ან ნერვის ან წნულების ბლოკადები ქრონიკული ტკივილის მართვისას და ა.შ.

რაც შეეხება უკუჩვენებებს, რეგიონული ანესთეზიისათვის ისინი იყოფა ორ ძირითად ჯგუფად: აბსოლუტური და შედარებითი.

აბსოლუტურ უკუჩვენებებს მიეკუთვნება: პაციენტის უარი, ლოკალური ინფექცია საპუნქციო(ჩხვლეტის) არეში, მნიშვნელოვანი კოაგულოპათია(შედედების დარღვევა), მომატებული ინტრაკრანიალური წნევა.

შედარებითი უკუჩვენებებია: სეპტიცემია ან ბაქტერიემია, ჰიპოვოლემია, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.

ნებისმიერ შემთხვევაში რეგიონული (ისევე როგორც სხვა ყველა ტიპის) ანესთეზიის მეთოდის შერჩევა და/ან გამოყენება განიხილება არა მხოლოდ არსებული ჩვენება/უკუჩვენების მიხედვით, არამედ კომპლექსურად, პაციენტის ზოგადი მდგომარეობის, თანმხლები დაავადებების და ა.შ. ჭრილში.

შესაძლოა თუ არა, რეგიონული ანესთეზიისას რაიმე გართულებამ იჩინოს თავი?

ბუნებრივია, ისევე როგორც ყველა სხვა სამედიცინო ჩარევას, თუნდაც მარტივ ყურის გახვრეტას, ნებისმიერი სახის ანესთეზიას შეიძლება თან ახლდეს გარკვეული, სხვადასხვა სიმძიმის გართულებები. ექიმ-ანესთეზიოლოგის ფუნქციაც უშუალოდ ანესთზიის ჩატარების გარდა, სწორედ ამ რისკების გაანალიზება და, შესაძლებლობის ფარგლებში, მინიმიზაციაა. ასე, რომ თუკი ანესთეზიოლოგი რაიმე არგუმენტით მოითხოვს ქირურგიული ჩარევის გადადებას ან დამატებითი კვლევის ჩატარებას, ნუ შეხედავთ მას როგორც მტერს, რომელსაც თქვენი თავიდან მოცილება უნდა - ის ამას თქვენივე უსაფრთხოებისათვის აკეთბს

როგორია ექიმის ტაქტიკა, როდესაც პაციენტს რეგიონული ანესთეზიისთვის გამოყენებული მედიკამენტების მიმართ ალერგია აქვს?

ისეთივე, როგორიც სხვა ნებისმიერი ალერგიის შემთხვევაში თუკი წინასწარ არის ცნობილი კონკრეტულ მედიკამენტზე არსებული ალერგიული რეაქციის შესახებ, ყველაზე მარტივი და ლოგიკურია - არ გამოიყენო ეს მედიკამენტი. თუმცა ეს არ 100%-ით გამორიცხავს სხვა მედიკამენტზე ანალოგიური რეაქციის არქონას. ზოგადად ითვლება, რომ თუკი პაციენტს წარსულში ერთხელ მაინც ჰქონია რაიმე სახის ალერგიული რეაქცია ნებისმიერ აგენტზე, იქნება ეს მედიკამენტი, ყვავილის მტვერი, სარეცხი ან კოსმეტიკური საშუალება და/ან სხვა, მას ალერგიული რეაქციის განმეორებით განვითარების (თუნდაც რაიმე სხვა აგენტზე) უფრო მაღალი ალბათობა აქვს. გეგმიური ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში უმჯობესია პაციენტი მომზადდეს წინასწარ, რაც გულისხმობს ექიმ-ალერგოლოგების ჩართულობას პროცესში, დამატებით კვლევებსა და ზოგ შემთხვევაში მედიკამენტურ მომზადებას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს ისეთი მომზადების სქემა, რომელიც 100%-ით გამორიცხავს განმეორებითი ალერგიული რეაქციის განვითარებას და ყველა მათგანი მხოლოდ რისკების შემცირებას ემსახურება. ასევე უნდა ითქვას, რომ ის ფაქტი, რომ პაციენტს ანესთეზიის/ოპერაციის ჩატარებამდე არასოდეს ჰქონია ალერგიული რეაქცია, არ ნიშნავს იმას, რომ იგი დაზღვეულია ალერგიული რისკებისაგან.

რა არის ნარკოზი? რა სახის ნარკოზი არსებობს ამჟამად?

ნარკოზი, ეს არის ტერმინი,რომელიც ისტორიულად გამოიყენებოდა და ჯერ კიდევ გამოიყენება ზოგადი ანესთზიის სინონიმად. რეგიონული ანესთზიისაგან განსხვავებით ზოგადი ანესთზია გულისხმობს, რომ პაციენტი ღრმა ძილშია და „არ ესწრება“ საკუთარ ოპერაციას. ზოგადი ანესთეზიის მეთოდები განსხვავდება ერთმანეთისაგან საანესთეზიო მედიკამენტების შეყვანის გზის, პაციენტის ფილტვების ვენტილაციის მეთოდის, გამოყენებული მედიკამენტის სახის რაოდენობით/კომბინაციით და ა.შ.

როგორ ტარდება ინტრავენური ანესთეზია? რა შემთხვევაშია შესაძლებელი მისი გამოყენება ან როდის არ შეიძლება გაუტკივარება ამ მეთოდით ჩატარდეს?

ინტრავენური ანესთზია ზოგადი ანესთეზიის ერთერთი სახეა და გულისხმობს საანესთეზიო საშუალებების ინტრავენურად შეყვანას. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამოუკიდებელი მეთოდი ხანმოკლე ქირურგიული ჩარევებისას, ან როგორც კომბინირებული ზოგადი ანესთზიის ერთ -ერთი შემადგენელი კომპონენტი. უმეტესწილად, როდესაც საუბრობენ ინტრავენურ ანესთეზიაზე, გულისხმობენ მისი, როგორც დამოუკიდებელი მეთოდის გამოყენებაზე, რომლის დროსაც შენახულია ან მინიმალურად ითრგუნება პაციენტის სპონტანური სუნთქვა რაც სტანდარტულად არ საჭიროებს პაციენტის გადაყვანას მართვით სუნთქვაზე და შესაბამისად გულისხმობს ნაკლებ ინვაზიას პაციენტის ორგანიზმში. მაგრამ , აქვე უნდა ითქვას, რომ ამას უპირატესობების გარდა აქვს თანმხლები რისკებიც: პაციენტის სასუნთქი გზები არ არის დაცული, შეიძლება მოხდეს სპონტანური სუნთქვის ნაწილობრივი ან სრული დათრგუნვა და ამან გამოიწვიოს დამხმარე ან სრული ხელოვნური ვენტილაციის
საჭიროება უკვე არა გეგმიურ არამედ ურგენტულ რეჟიმში, და რაღა თქმა უნდა, თეორიულად, ყველა ინტრავენური ანესთეზია შესაძლოა გადაიზარდოს ზოგად ანესთეზიაში, მაგალითად ზოგიერთი ინტრაოპერაციული გართულების შემთხვევაში.

რა გართულება შეიძლება მოჰყვეს ინტრავენურ ანესთეზიას?

ინტრავენური ანესთეზიისათვის(ვგულისხმობ ანესთზიას, რომლის დროსაც პაციენტის სასუნთქი გზები არ არის პროთეზირებული და შენახულია სპონტანური სუნთქვის ფუნქცია) სპეციფიური გართულებები გამომდინარეობს სწორედ იმ დამატებითი რისკებიდან, რომლებიც ზემოთ ჩამოვთვალე და ძირითადად დაკავშირებულია სასუნთქი გზების დაუცველობასთან. სხვამხრივ, ამ ტიპის ანესთეზიის შესაძლო გართულებები არაფრით განსხვავდება სხვა სახის ზოგადი ანესთეზიის რისკებისაგან.

  რა არის კომბინირებული ანეთეზია (ნარკოზი)?

როგორც თავად დასახელება მიუთითებს, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ანესთზიის ორი ან მეტი სახის კომბინაციასთან, იქნება ეს ინჰალაციური და ინტრავენური ანესთეზიების, ან თუნდაც ზოგადი და რეგიონული ანესთეზიის რომელიმე სახის კომბინაცია. ბუნებრივია, ამ ტიპის ანესთეზია ბევრად უფრო კომპლექსურია და მეტ ძალისხმევასა და კონტროლს მოითხოვს ანესთეზიოლოგისაგან, თუმცა ზოგ შემთხვევაში მას ბევრად მეტი უპირატესობა აქვს ე.წ. „მონოანესთეზიასთან“ და საბოლოოდ ყველა სახის ანესთეზიებს შორის მეტი წილი სწორედ ამ სახის ანესთეზიებზე მოდის

ბოხუას სახელობის კარდიოვასკულური ცენტრის ანესთეზია - რეანიმაციის მიმართულების ხელმძღვანელი ლევან ვაშაკიძ